სსიპ სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგის
ლია ქიტოშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
ეფექტური სტრატეგიები მოსწავლეთა მოტივაციის და ჩართულობის ხარისხის ასამაღლებლად წილადების შესწავლის დროს მე-5 კლასში


                                 2018 - 2019 წ.                                                                                                                                        
სარჩევი
აბსტრაქტი-------------------------------------------------------------------------------------4
შესავალი---------------------------------------------------------------------------------------5
თავი I  საკვლევი საკითხის მიმოხილვა---------------------------------------------------6
1.1.მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ--------------------------------------------------6
1.2.კვლევის თემა და მიზანი----------------------------------------------------------------6
1.3.თემის აქტუალობა, კლასის ზოგადი დახასიათება-----------------------------------8
1.4.პრობლემის გამომწვევი ძირითადი მიზეზები----------------------------------------9
თავი II პრაქტიკული კვლევის არსი-------------------------------------------------------10
თავი  III საკითხთან დაკავშირებული ლიტერატურის მიმოხილვა-------------------10
3.1. მოტივაცია-ადამიანის შინაგანი მდგომარეობა--------------------------------------10
3.2.მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილი------------------------------------------14
3.3.როგორ გავზარდოთ მოსწავლეთა მოტივაცია----------------------------------------15
3.4.სხვადასხვა ინტელექტის ტიპის მქონე მოსწავლეები-------------------------------16
თავი  IV მეთოდოლოგია-------------------------------------------------------------------16
4.1.კვლევის სამიზნე ჯგუფი---------------------------------------------------------------16
4.2.დაკვირვების ტიპის შერჩევა-----------------------------------------------------------17
4.3.კვლევის მეთოდების შერჩევა----------------------------------------------------------18
4.4.კვლევის ვადები--------------------------------------------------------------------------18
თავი  V კვლევისწინა გამოკითხვის შედეგები-------------------------------------------19
5.1.კვლევისწინა გამოკითხვა და შედეგები-----------------------------------------------19
5.2.კვლევისწინა გამოკითხვის ანალიზი--------------------------------------------------21
თავი VI ინტერვენციების აღწერა და მათი შედეგები-----------------------------------27
6.1. ინტერვენციები--------------------------------------------------------------------------27
 6,2, ინტერვენციების მიზნები, განხორციელება და  შედეგები-----------------------28
 ინტერვენცია N1 -----------------------------------------------------------------------------28
 ინტერვენცია N2------------------------------------------------------------------------------30
  ინტერვენცია N3-----------------------------------------------------------------------------30-
 ინტერვენცია N4-------------------------------------------------------------------------------31
 ინტერვენცია N5-------------------------------------------------------------------------------32
6.3. შემაჯამებელი ტესტის დიაგრამა-------------------------------------------------------32
თავი VII  კვლევისშემდგომი გამოკითხვა და შედეგები----------------------------------34
7.1.მოსწავლეთა კვლევისშემდგომი გამოკითხვა და შედეგების ანალიზი-------------34
7.2.მშობელთა კვლევისშემდგომი გამოკითხვა და ანალიზი-----------------------------37
7.3.კოლეგებთან კვლევის გაზიარების კითხვარი და მისი ანალიზი--------------------39
7.4.კოლეგებთან კვლევის შედეგების გაზიარების რეფლექსია---------------------------39
თავი  VIII მიგნებები და რეკომენდაციები -------------------------------------------------41
8.1 მიგნებები------------------------------------------------------------------------------------41
8.2. რეკომენდაციები---------------------------------------------------------------------------42
გამოყენებული ლიტერატურა----------------------------------------------------------------43
დანართები--------------------------------------------------------------------------------------44





აბსტრაქტი
   ეს ნაშრომი წარმოადგენს ჩემი პედაგოგიური კვლევის ანგარიშს, რომელიც ჩავატარე სსიპ სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში. ნაშრომში აღწერილია თუ რა ინტერვენციებით და აქტივობებით შევძელი  მე-5 კლასის მოსწავლეთა დაინტერესება წილადების შესწავლისადმი და მათი მოტივაციის გაზრდა. კვლევის წარმოებისთვის გამოვიყენე საკვლევ თემასთან დაკავშირებული სხვადასხვა ნაშრომი, აგრეთვე ინტერნეტში მოძიებული მასალები.
     2013 წლიდან  ვარ  უფროსი მასწავლებელი, მაქვს 1 - 6 და 7 - 12 კლასების მათემატიკის  მასწავლებლის  სერთიფიკატები.   სკოლა,  სადაც  მათემატიკას ვასწავლი,  არის მცირე კონტიგენტიანი.                                                                                                                                                                                                                                                                                                                  
ვფიქრობ,  რომ ზოგადად საჯარო სკოლებში პრობლემა მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია და შესაბამისად დაბალი აკადემიური მოსწრებაა, რაც განსაკუთრებით  თვალშისაცემია საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში.
     აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენის, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და მასთან ერთად აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად გადავწყვიტე დაწყებით საფეხურზე მათემატიკაში ეფექტური სტრატეგიების გამოყენება, რასაც უნდა გამოეწვია მოსწავლეთა ინტერესის და შესაბამისად ცოდნის დონის გაზრდა.
    ნაშრომი შედგება 8 თავისაგან.
I თავში მოცემულია საკვლევი საკითხის მიმოხილვა;
 II   თავში წარმოდგენილია პრაქტიკული კვლევის არსი;
 III თავში საკითხთან დაკავშირებული ლიტერატურის მიმოხილვაა;
IV თავი  მოიცავს მეთოდოლოგიას;
 V  თავში   მოცემულია  კვლევისწინა გამოკითხვის  შედეგები;  
VI თავი წარმოადგენს ინტერვენციების აღწერას და მის შედეგებს;
VII     თავში განხილულია კვლევისშემდგომი გამოკითხვის შედეგები;
        VIII თავში კი მოცემულია მიგნებები და რეკომენდაციები.
    ძირითადი საკვლევი თემებია: მოტივაციის გაზრდა, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება, ჩართულობის ხარისხი, ეფექტიანი და ეფექტური სწავლება, განმავითარებელი შეფასება, თანამშრომლობითი სწავლება.
შესავალი
  ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. განათლების სისტემა უვითარებს მოზარდს გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, აძლევს საჭირო ცოდნას.
მათემატიკის სწავლებას სამი ძირითადი მიზანი აქვს: საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი და განმავითარებელი. საგანმანათლებლო მიზანი გულისხმობს, რომ მოსწავლეებმა მიიღონ მათემატიკური ცოდნა, დაეუფლონ ზეპირ და წერით მათემატიკურ უნარ-ჩვევებს. აღმზრდელობითში განიხილება მათემატიკა, როგორც აღზრდის ერთიანი და კონსტრუქტივისტული სისტემის ნაწილი, რომელიც უვითარებს ადამიანს პასუხისმგებლობის გრძნობას, მიზანზე ორიენტირებულობას, საკუთარი აზრის გამოთქმის და სხვისი აზრის პატივისცემის უნარს, თანამშრომლობითი მუშაობის უნარებს და სხვა.  განმავითარებელი მიზანი კი არის მათემატიკა, როგორც პიროვნების მრავალმხრივი განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა. აქ მოიაზრება ადამიანის ლოგიკური აზროვნების, წარმოსახვის უნარის განვითარება, სივრცული წარმოდგენების ფორმულირება, მსჯელობის, არგუმენტირების, ანალიზის, მეტაკოგნიტური უნარების განვითარება და სხვა.
                                                                                  


 
                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

თავი I
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
1.1. მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ
  სსიპ სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლა მცირეკოტიგენტიან სკოლათა რიცხვს მიეკუთვნება. 2018-2019 სასწავლო წელს სკოლაში სწავლობს 90 მოსწავლე. სკოლაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა 22 პედაგოგი, მათგან 11 არის უფროსი მასწავლებელი. ამჟამად, მიმდინარეობს სკოლის ახალი სასწავლო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც უნდა დასრულდეს 2019 წლის აგვისტოში, ამიტომ  დროებით ვსარგებლობთ კაჭრეთის საჯარო სკოლის ალტერნატიული ფართით, რის გამოც სწავლების პროცესი მიმდინარეობს ორ ცვლაში.  მიუხედავად აღნიშნულისა, სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ვცდილობთ, რომ შევქმნათ სწავლებისთვის ხელსაყრელი და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. სწავლებაში თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების დანერგვის მიზნით გავიარე პროფესიული განვითარებისა და საგნობრივი, ასევე ლიდერობის  აკადემიის ტრენინგები, ყოველივე ამის შემდეგ შევეცადე მიღებული გამოცდილება განმეხორციელებინა უშუალოდ საკლასო სივრცეში.                                                                
          კვლევა განვახორციელე დაწყებითი საფეხურის მე-5 კლასში. კვლევა მიმდინარეობდა 6 თვის განმავლობაში.
1.2. კვლევის თემა და მიზანი
         კვლევის თემად ავირჩიე ეფექტური სტრატეგიები მოსწავლეთა მოტივაციის და ჩართულობის ხარისხის ასამაღლებლად წილადების შესწავლისთვის მე-5 კლასში. წილადების საფუძვლიან შესწავლაზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ მისი ცოდნა საჭიროა სწავლების ყველა საფეხურზე, ასევე გამოსადეგია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეროვნული სასწავლო გეგმის მათემატიკის პროგრამის მე-5 კლასში წლის ბოლოს მისაღწევი შედეგების და ინდიკატორების მათ.V.2-ის მიხედვით მოსწავლეს შეუძლია წილადების წაკითხვა, გამოსახვა, შეფასება, შედარება და დალაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
⦁ კითხულობს და გამოსახავს ჩვეულებრივ და შერეულ წილადებს, უთითებს მათ ჩანაწერში წილადის მრიცხველს და მნიშვნელს, მთელ და წილად ნაწილებს;
⦁ გამოსახავს ერთეულის ნაწილებს რიცხვით სხივზე და აღნიშნავს ტოლ ნაწილებს; ითვლის ასეთ ნაწილებს შესაბამისი ბიჯით;
⦁ ადარებს ორ წილადს, მათ შორის წილადის ძირითადი თვისების გამოყენებით;
⦁ წერს შერეულ წილადს არაწესიერი წილადის სახით და პირიქით; ახდენს (წესიერი) წილადის ცნების სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას და მსჯელობს მათ შორის კავშირებზე (წილადი, როგორც ორი ნატურალური რიცხვის გაყოფის შედეგის ჩანაწერი, ერთეულის ნაწილი, მთლიანი ჯგუფის ქვეჯგუფი და როგორც „რიცხვით სხივზე“  გარკვეული ადგილი).
მათ.V.3.მოსწავლეს შეუძლია ნატურალურ რიცხვებზე და ტოლმნიშვნელიან წილადებზე მოქმედებების შესრულება
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
⦁ ახდენს ერთნაირი მნიშვნელის  მქონე მარტივ წილადებზე არითმეტიკული მოქმედებების დემონსტრირებას და მოქმედებათა შედეგის ინტერპრეტაციას მოდელის გამოყენებით;
⦁ მსჯელობს, თუ როგორ იცვლება წილადი მისი მხოლოდ მრიცხველის ან მხოლოდ მნიშვნელის “-ჯერ/-ით“ გაზრდით ან შემცირებით; ასაბუთებს პასუხს (მაგალითად, მოდელის გამოყენებით);
⦁ იყენებს მოქმედებათა თვისებებს და მათ შორის კავშირებს შერეულ რიცხვებზე გამოთვლების შესრულებისას/მათ გასამარტივებლად (შერეული რიცხვების შეკრება/გამოკლება, წილადის ნატურალურ რიცხვზე გამრავლება).
კვლევის მიზანია
⦁ მოსწავლეებში მოტივაციის დაქვეითების ძირითადი მიზეზების დადგენა;
⦁ შესაძლო ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება;
⦁ გრძელვადიანი აქტივობების დაგეგმვა;
⦁ მიღებული შედეგების შეფასება.

    კვლევის ამოცანა შემდეგია: გამოვიკვლიო და გამოვკვეთო ის ძირითადი მიზეზები და ფაქტორები, რომლებიც იწვევს  მათემატიკაში მოსწავლეთა მოტივაციის დაქვეითებას, ასევე, გავარკვიო, თუ როგორი ხარისხით არიან ჩართულნი მშობლები  შვილების სწავლის პროცესში, რა დროს უთმობენ მოსწავლეები შინ გაკვეთილების, მათ შორის მათემატიკის მომზადებას და სხვ.                                                                                         
    კვლევის ამოცანაა, ასევე, დაკვირვება თითოეულ მოსწავლეზე, მათ აკადემიურ მოსწრებაზე, მოტივაციასა და ჩართულობაზე, დისკუსიები პედაგოგებთან და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, მოსწავლეების, მშობლების, პედაგოგების გამოკითხვა, მონაცემთა ანალიზი, დაბოლოს, შედეგების და დასკვნების პრეზენტაცია.
  მიზნების ჩამოყალიბებისთვის წინაწარ გავესაუბრე მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან მე-5 კლასს, კითხვარები შევავსებინე კვლევაში მონაწილე მოსწავლეებს, მათ მშობლებს.  წინასწარი გამოკითხვის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე ფაქტორი, მშობლები ხშირად ვერ ახერხებენ დახმარება გაუწიონ შვილებს, ათვისება  უჭირს უმრავლესობას, აქვთ ნაკლები მოტივაცია და მხოლოდ მცირე ნაწილს სურს თავი გამოიჩინოს სწავლით.  მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს უძნელდება მიჰყვეს მასალას და არ ჩამორჩეს, მშობელიც ნაკლებად ან ვერ ეხმარება, მოსწავლე მარტო რჩება პრობლემებთან, რომლებსაც ვერ წყვეტს, ამიტომ თანდათან ეკარგება სწავლის სურვილი, რადგან გაკვეთილზე მოსმენილი საკმარისი არ არის მისთვის. ამ კვლევის ამოცანაა მათემატიკის გაკვეთილებზე ისეთი მეთოდებისა და სტრატეგიების  დანერგვა, რომლებიც მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხზე დადებითად იმოქმედებს, გააუმჯობესებს მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს და გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას.
  ძირითადი საკვლევი კითხვები:
⦁ რა გზებით შეიძლება ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია მათემატიკის შესწავლისადმი?
⦁ გამოიყენება თუ არა გაკვეთილებზე სხვადასხვა მრავალფეროვანი სტრატეგია და მიდგომა?
⦁ რატომ ვერ იყენებენ თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში?
⦁ რატომ არის პრობლემა მოსწავლეთათვის  დამოუკიდებელი მუშაობა?
⦁ რა დროს უთმობენ მოსწავლეები მათემატიკის მომზადებას შინ?
⦁ როგორია ურთიერთობა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის?
⦁ მოსწონთ თუ არა მოსწავლეებს არსებული სახელმძღვანელოები მათემატიკაში?
⦁ მშობლების აზრით, რა იწვევს მოსწავლეთა მოტივაციის შესუსტებას მათემატიკის შესწავლისადმი და როგორ წარმოუდგენიათ დაეხმარონ შვილებს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში?


1.3.თემის აქტუალობა, კლასის ზოგადი დახასიათება
             მე-5 კლასში, სადაც განვახორციელე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, ირიცხება 8 მოსწავლე. 1-ლი სემესტრის განმავითარებელი შეფასების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, კლასი არის საშუალო სიძლიერის, არიან განსხვავებული მიდრეკილებების და სხვადასხვა ათვისების უნარის მქონე მოსწავლეები. სსსმ მოსწავლე არ არის. მათემატიკის საპროგრამო მასალას ყველა მათგანი ითვისებს შესაძლებლობის მიხედვით. განსაკუთრებული მათემატიკური და ლოგიკური აზროვნებით გამოირჩევა 3 მოსწავლე, 1 მოსწავლე შედარებით ნელა ითვისებს მასალას და საჭიროებს ხშირ გამეორებას. მიზნად დავისახე, რომ თანმიმდევრული მუშაობით გამეზარდა მათი მოტივაცია მათემატიკის შესწავლისადმი.
             მიმაჩნია, რომ დაწყებით საფეხურზე კარგად სწავლა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მოსწავლე მომავალშიც ეცდება ხარისხიანი ცოდნის მიღებას, მათემატიკაში კი განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეს საკითხი. თუ მოსწავლეს არ აქვს მყარი საწყისი მათემატიკური ცოდნა, მაღალ კლასებში მას უჭირს ახალი ცოდნის შეძენა. წილადების საფუძვლიანი ცოდნა აუცილებელია, რადგან ამ ცოდნის გარეშე შეუძლებელია მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა მათემატიკური ოპერაციების შესრულება. ამიტომ გადავწყვიტე კვლევა ამ მიმართულებით მეწარმოებინა.
          ზოგადად პრობლემაა ის, რომ ტექნიკურ საგნებში, განსაკუთრებით კი მათემატიკაში, მოსწავლეთა უმეტესობას არა აქვთ სწავლისადმი არც შინაგანი და არც გარეგანი მოტივაცია, არ აქვთ საკუთარი შესაძლებლობის რწმენა, თავდაჯერებულობა. თავს იკავებენ საკუთარი აზრის დაფიქსირებისაგან. უჭირთ დამოუკიდებლად მსჯელობა, მათემატიკური ოპერაციების შესრულება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მოტივაციის ამაღლების საკითხზე კვლევის ჩატარება, აქცენტი გავაკეთე მათემატიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემის - წილადების შესწავლაზე, მინდოდა, დამედგინა მოტივაციის ნაკლებობის სავარაუდო მიზეზები და შესაბამისი ინტერვენციების დახმარებით გამეზარდა მოსწავლეთა მოტივაცია.
1.4. პრობლემის გამომწვევი ძირითადი მიზეზები
 ვფიქრობ, რომ საკმაოდ აქტუალურია პრობლემა თუ რატომ აღარ სურთ მოსწავლეებს სწავლა და საგაკვეთილო პროცესში აქტიური ჩართულობა.  მოსწავლეთა ნაწილი პასიური ხდება, არ ასრულებენ სისტემატიურად დავალებებს, საგაკვეთილო პროცესშიც ნაკლებად არიან ჩართულნი, დაინტერესება დაბალია და თანდათან ეს ყველაფერი მათ შედეგებზე უარყოფითად აისახება. საგულისხმოა ისიც, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას არ აინტერესებს დაბალ ქულას მიიღებს თუ არა. მოტივაცია ძალიან დაქვეითებულია. ვფიქრობ, რომ პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზებია:
⦁ საშინაო დავალების უხარისხო შესრულება;
⦁ სიზარმაცე (შინაგანი მოტივაციის ნაკლებობა ან სრულიად არქონა);
⦁ თეორიული მასალის ზერელე - მოჩვენებითი, ფორმალური სწავლა;
⦁ მასწავლებლების მხრიდან განმავითარებელი, წამახალისებელი  უკუკავშირის  ნაკლებობა.
                                  

თავი II
პრაქტიკული კვლევის არსი
 პრაქტიკული კვლევა არის საკვლევი თემის ირგვლივ ცოდნის ძიება, დაკვირვება, სისტემატიურად დოკუმენტაციის შეგროვება და გაფორმება კვლევის ანგარიშის სახით.
  მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მიხედვით მასწავლებელს უნდა ჰქონდეს პრაქტიკული კვლევის განხორციელების უნარი, კოლეგებთან ერთად დაგეგმოს კვლევითი სამუშაოები, განახორციელოს და გამოიყენოს პრაქტიკაში. მასწავლებელს უნდა შეეძლოს საკვლევი საკითხის განსაზღვრა, კვლევის ჩატარება, მონაცემთა დამუშავება, ინტერპრეტაცია და კვლევის შედეგების გამოყენება საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. პრაქტიკული კვლევა არის საუკეთესო ალტერნატივა სასკოლო გარემოსა და სასწავლო პროცესის, სკოლაში არსებული რეალური პრობლემების  შესასწავლად და გაუმჯობესების გზების საძიებლად.
   პრაქტიკული კვლევის პირველ ეტაპზე განხორციელდა საკვლევი საკითხის ფორმულირება, პრობლემის შესწავლა, კვლევის ჯგუფის შექმნა, მუშაობის დაგეგმვა. შემდეგ ეტაპზე მოხდა მონაცემთა შეგროვება, მიღებული შედეგების ანალიზი, საჭირო და ეფექტური ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება.
  თავი III
საკითხთან დაკავშირებული ლიტერატურის მიმოხილვა
3.1. მოტივაცია-ადამიანის შინაგანი მდგომარეობა
        პრობლემაში უკეთ გასარკვევად გავეცანი პროფესიულ ლიტერატურას, სტატიებს და ინტერნეტში მოძიებულ მასალებს.
           კვლევისთვის გამოვიყენე „განვითარებისა და სწავლის თეორიები“  დამხმარე  სახელმძღვანელო პროფესიული უნარებისა  (2008), ტრენინგის „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება მათემატიკაში“ მასალები, „მათემატიკის სწავლების მეთოდიკის საკითხები“ (დამხმარე სახელმძღვანელო მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის, 2009), ეროვნული სასწავლო გეგმა, „ეფექტური სწავლება სკოლაში“ რობერტ ჯ. მარზანო, დებრა ჯ. ფიქერინგი, ჯეინ ი. ფოლოქი, „სწავლება და შეფასება“ 2011), ინტერნეტში მოძიებული მასალები და სხვა.
   მოტივაცია არის ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც აღძრავს ქცევას გარკვეული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ამერიკელმა ფსიქოლოგმა აბრაჰამ  მასლოუმ (1908-1970) ადამიანის მოტივაციისა და ქცევის ასახსნელად მე-20 საუკუნის 50-იან წლებში შექმნა „მოთხოვნილებათა იერარქიის“ მოდელი. ამ იერარქიაში პირველ ადგილზეა ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, შემდეგ უსაფრთხოების მოთხოვნილება, მიკუთვნებულობისა და სიყვარულის მოთხოვნილება, თვით-პატივისცემის მოთხოვნილება და თვით-აქტუალიზაცია. მასლოუს თეორიის მიხედვით, ადამიანი მოთხოვნილებებს მოცემული თანმიმდევრობით იკმაყოფილებს. ყოველი საფეხურის მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ აქტუალური ხდება მომდევნო საფეხურის მოთხოვნილება. ადამიანის ქცევა რთული საკითხია, ერთსა და იმავე ქცევას შეიძლება განსხვავებული მოტივაცია ედოს საფუძვლად. მოსწავლის კარგად სწავლა შეიძლება სხვადასხვა მოტივით იყოს განპირობებული, ზოგისთვის კარგად სწავლის მოტივია დასჯის შიში, ზოგისთვის ინტერესი, ზოგისთვის აღიარების მოთხოვნილება...  სკოლაში ეფექტური სწავლება სწორედ მოსწავლეთა მოტივაციის დონეზეა დამოკიდებული. მასლოუს მიხედვით, სწავლის მოთხოვნილების აღმძვრელი შეიძლება იყოს განსხვავებული დონის მოტივაცია, რაც დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და ინდივიდუალურ თავისებურებებზე. სწავლების ადრეულ ეტაპზე მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების და მიკუთვნებულობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება, ხოლო შემდეგ წლებში წამყვანი თვით-პატივისცემის მოთხოვნილება ხდება. თუ მოსწავლე თავს გარიყულად გრძნობს, არ შეუძლია თავისი შესაძლებლობების გამოვლენა, ვერ ახერხებს იმის ათვისებასაც კი, რაც შეუძლია. მასლოუს მოტივაციის იერარქიული თეორიის ცოდნა საშუალებას აძლევს მასწავლებლებს, დაადგინონ იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე, ამის შემდეგ კი შეიმუშაოს სწავლების შესაბამისი სტრატეგიები და მოსწავლე ჩართოს აქტიურად სასწავლო პროცესში.
    დღეს განათლების სისტემის ძირითადი მიმართულება მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა და მისი განხორციელებაა. ეს ისეთი მიმართულებაა, როდესაც პედაგოგის ყურადღების ცენტრშია მოსწავლის პიროვნება და წამყვანია მოსწავლის შემეცნებითი მოქმედება.
კარლ როჯერსი წერს: „ჩვენ, ჩემი აზრით, განათლებაში სრულიად ახალი ვითარების წინაშე ვართ, როდესაც განათლების ამოცანა, თუკი გვინდა  გადარჩენა,  არის ცვლილების და სწავლის ხელშეწყობა.“
მასწავლებელი  სწორედ ამ ცვლილების და სწავლის ხელშემწყობია. აქედან გამომდინარეობს ტერმინიც მასწავლებელი-ფასილიტატორი, რომელიც წაახალისებს მოსწავლეთა ინიციატივებს,  მოსწავლეს აღუძრავს რწმენას თავისი შესაძლებლობების გამოვლენისადმი. სწავლების მიზანი მოსწავლის ქცევის შეცვლაა, ეს ცვლილება კი მოსწავლეში იწვევს შიშს, ამიტომ საჭიროა მისი ხელშეწყობა, დახმარება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ვაღიაროთ ის ცოდნა, რაც მოსწავლეს უკვე აქვს, მარტივი დავალებების წარმატებით შესრულებით მოსწავლეებს საკუთარი ძალების რწმენა გავუღვივოთ, დავაკისროთ გარკვეული პასუხისმგებლობები მათივე სურვილიდან გამომდინარე. უნდა ვეცადოთ მოსწავლეებს გავუზარდოთ მოტივაცია სწავლისა და ცოდნის შეძენისადმი.
„მოტივაცია არის იმპულსი, შინაგანი პროცესი, რომელიც ადამიანს ქმედებებისკენ უბიძგებს და ამ ქმედებებს გარკვეული მიზნის მიღწევისაკენ მომართავს, მაგალითად, მოსწავლე, რომელიც ბევრს მეცადინეობს, კეთილსინდისიერად ეკიდება სასწავლო პროცესს, ორიენტირებულია კარგი ნიშნების მიღებაზე, შეიძლება დავახასიათოთ, როგორც მაღალ მოტივირებული. მოტივაცია განაპირობებს მოსწავლის შესაძლებლობებისა და უნარების რეალიზებას.“
    მოსწავლეთა მოტივაციის ზრდა, განსაკუთრებით კი საბაზო და საშუალო საფეხურზე, მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა. მოტივაცია იზრდება, როდესაც მოსწავლე დაინახავს, რომ მასწავლებლისთვის მთავარი მიზანი არის მისი წინსვლის ხელშეწყობა. მოტივაცია იზრდება მაშინაც, როდესაც მოსწავლე გააცნობიერებს დავალების მიზანს,  დარწმუნებულია მის საჭიროებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა აუხსნას მოსწავლეებს,  რა მიზანს ემსახურება   კონკრეტული დავალება.
   მოტივაცია ორგვარია: შინაგანი და გარეგანი. შინაგანი მოტივაცია არის კონკრეტული ქმედებისაკენ სწრაფვა, რომელიც შიგნიდან არის გამოწვეული ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების თუ რაღაცის აღმოჩენის სურვილით. გარეგანი მოტივაცია კი არის კონკრეტული ქმედებისაკენ სწრაფვა, რომელიც გამოწვეულია გარე ფაქტორებით, გარკვეული ჯილდოს ან აღიარების მოპოვების სურვილით. მოსწავლეებში შინაგანი მოტივაციის გაღვივება აკადემიურ შედეგებზე განსაკუთრებით დადებით გავლენას ახდენს, თუმცა მასწავლებელი უნდა იყენებდეს გარეგანი მოტივაციის სტრატეგიებსაც. შინაგანი მოტივაციისთვის ეფექტური სტრატეგიებია დავალების მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით შერჩევა, მათთვის არჩევანის მინიჭების უფლება, საკუთარი აზრის თამამად გამოხატვის საშუალება, სახალისო აქტივობების ჩართვა სასწავლო პროცესში.  გარეგანი მოტივაციისთვის მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს სტრატეგიები  კარგი ან გაუმჯობესებული შედეგებისათვის წახალისება, მაღალი ქულის დაწერა, წერილობითი ან სიტყვიერი შექება კონკრეტული დავალების შესრულებისთვის, შეჯიბრების მოწყობა ჯგუფებს შორის. პედაგოგი სისტემატიურად უნდა მუშაობდეს მოტივაციის ამაღლებაზე, უნდა მიმართოს მოტივაციის ორივე ფორმას, მაგრამ ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს ასაკობრივი ჯგუფის თუ კონკრეტული მოსწავლის ხასიათისა და მუშაობის სტილის თავისებურებებს. მოტივაციის ამაღლების ძირითადი საშუალებებია პიროვნული ურთიერთობები, სასწავლო ატმოსფერო და სასწავლო მოთხოვნები. მასწავლებელი ვალდებულია, კარგი პიროვნული ურთიერთობები დაამყაროს თავის მოსწავლეებთან, ასევე აგრძნობინოს მათ თავი ღირსეულ ადამიანებად და შექმნას კომფორტული, ჯანსაღი გარემო, სადაც სწავლა სასიამოვნო პროცესად იქცევა. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეებს შორის მოტივაციის ხარისხი მკვეთრად გაიზრდება.
ჩართულობა გულისხმობს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა არა მხოლოდ აქტიურ ჩართვას, არამედ თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობა ნიშნავს მოსწავლეთა განსაკუთრებულ აქტიურობას თანამშრომლობითი სწავლებისას, სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობისას და ა. შ, რითაც მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა უნარ-ჩვევების დაუფლებასა და განვითარებაში. 
 მოსწავლე ჩართულია სწავლის პროცესში,  თუ ის სისტემატიურად მომზადებულია, აქტიურობს  დავალების შესრულებისას,  ცდილობს ხარისხიანად შეასრულოს და ამასთან სხვასაც გაუწიოს დახმარება საჭიროების შემთხვევაში.  ასეთი მოსწავლეებს აქვთ  უფრო მეტი ცოდნის შეძენის სურვილი და პოზიტიური დამოკიდებულებას სკოლისა და სწავლის მიმართ.
  რობერტ ჯ. მარზანოს, დებრა ჯ. ფიქერინგის და ჯეინ ი. ფოლოქის წიგნში „ეფექტური სწავლება სკოლაში“ განხილულია კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები, რომლებიც აუმჯობესებენ მოსწავლეთა მოტივაციას სწავლისადმი და შესაბამისად აკადემიურ მოსწრებას. თუმცა სწავლების მეთოდების განხილვისას ავტორებს მოჰყავთ ისეთი მაგალითებიც, რომლითაც დასტურდება, რომ არ არსებობს მეთოდი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში თანაბრად ეფექტური იქნება. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის, კონკრეტული საგნის თუ სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის ერთი და იგივე მეთოდი ყოველთვის  ერთნაირად ეფექტური არ არის. ამიტომ მაინც მასწავლებელზეა დამოკიდებული, თუ რა მეთოდებს გამოიყენებს გაკვეთილზე, რა იქნება მოსწავლეებისთვის უფრო ეფექტური.
  ამ წიგნიდან ვიგებთ, რომ  დაახლოებით ოცდაათი  წლის წინ დაიწყო სწავლების მეთოდების საფუძვლიანი სამეცნიერო კვლევა და დაინტერესდნენ სწავლების სხვადასხვა მეთოდსა და სწავლის შედეგებს შორის კავშირით. მანამდე მიაჩნდათ, რომ მოსწავლის მოტივაცია და აკადემიური მოსწრება არ იყო დამოკიდებული სწავლების მეთოდოლოგიაზე. ჯეიმს ქოულმანი და მისი კოლეგები კვლევების მიხედვით იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მოსწავლეთა შორის აკადემიურ მოსწრებაში განსხვავება დამოკიდებული იყო ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა მოსწავლის ნიჭი და უნარები, მისი სოციალურ - ეკონომიკური სტატუსი და ოჯახური გარემო. სკოლას კი ამ ფაქტორებიდან არცერთის შეცვლა არ შეეძლო. თუმცა მოგვიანებით 1970-იან წლებში მეცნიერება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნაკლებად ეფექტურ სკოლებშიც კი მასწავლებელი შეიძლება დიდ გავლენას ახდენდეს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე. ასობით კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ მკვლევრები ჯერე ბროფი და თომას გუდი (1986) წერენ: „მითი დაიმსხვრა: მასწავლებლები რეალურ გავლენას ახდენენ მოსწავლეთა სწავლის შედეგებზე.“ ცხადია, რომ ეს გავლენა თავის მხრივ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუ როგორ გადასცემს მასწავლებელი სხვადასხვა ტიპის ცოდნას სწავლების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, იყენებს თუ არა ანალიტიკური შეკითხვების გამოყენების მეთოდს, შეჯამების მეთოდს, საშინაო დავალების, თანამშრომლობითი სწავლების, განმავითარებელი შეფასების დროულად და ეფექტურად გამოყენების და სხვა მეთოდებს. მასწავლებელმა თვითონ უნდა განსაზღვროს  სწავლების რომელი მეთოდი უფრო ეფექტური იქნება ახალი თემის დასაწყისში,  რომელი ახალი თემის სწავლების პერიოდში (მაგ. ვარჯიში, გამეორება, ცოდნის გამოყენება) და რომელი თემის დასრულებისას, რომ ჩვენი სურვილი მოსწავლეებს მეტი ცოდნა დარჩეთ განვლილი თემიდან მიღწეული იყოს.
  
3.2.  მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის დაგეგმვა
   მოსწავლეთა სწავლისადმი დადებითი განწყობის შექმნისა და მათი მოტივაციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ არის დაგეგმილი გაკვეთილი მასწავლებლის მიერ, გათვალისწინებულია თუ არა მათი საჭიროებები და წინარე ცოდნა, მათი ინდივიდუალური და ასაკობრივი თავისებურებები, საჭირო რესურსები და ა. შ.  მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნას გაკვეთილზე დიდი მნიშვნელობა აქვს  გაკვეთილის სასწავლო მიზნის განხორციელებისთვის.
  მათემატიკაში, ისევე როგორც სხვა საგნებში მოსწავლეებისადმი წაყენებულია მაღალი მოთხოვნები, რისთვისაც მასწავლებლებს გვაქვს სასწავლო მასალები, თვალსაჩინოებები, რათა ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს სწავლაში და ჩვენ თვითონაც განვვითარდეთ. მოსწავლეები ყოველთვის  დიდი ინტერესით მონაწილეობენ მასწავლებლის მიერ შეთავაზებული საინტერესო დავალებების შესრულების პროცესში, მათემატიკურ ცოდნას იძენენ ერთი და იგივე საკითხის სხვადასხვა მხრიდან განხილვით. მათემატიკის სწავლებაში მნიშვნელოვანია ოთხი წარმოდგენის წესის (გეომეტრიული, რიცხვითი, ანალიზური, სიტყვიერი) გამოყენება. ჰარვარდის კალკულუსის კონსორციუმი-ჯგუფი, რომელსაც ეკუთვნის ამ წესის ფორმულირება- აყალიბებს ამ წესის ძირითად პრინციპს: „მათემატიკური შინაარსის მასალა, საჭიროების მიხედვით უნდა იყოს წარმოდგენილი გეომეტრიულად, რიცხვითი ფორმით, ანალიზურად და სიტყვიერად.“ ეს წესი ეფუძნება სწორედ იმ იდეას, რომ მოსწავლეები სასწავლო მასალას აღიქვამენ სხვადასხვა გზით. აშშ-ის მათემატიკის მასწავლებელთა ეროვნული საბჭოს (NCTM) მიხედვით მოსწავლეებმა უნდა აითვისონ წარმოდგენის სხვადასხვა ხერხი, მაგრამ თითოეულ მოსწავლეს ამ წარმოდგენის ხერხებიდან რომელიღაც ერთისადმი აქვს თანდაყოლილი მიდრეკილება. იმისათვის, რომ ყველა მოსწავლემ შეძლოს მათემატიკური შინაარსის მასალის სათანადო დონეზე გააზრება, საჭიროა სასწავლო პროცესში ადეკვატურად გამოვიყენოთ წარმოდგენის ყველა ხერხი. ასევე მნიშვნელოვანია სასწავლო მასალის მომზადება ოთხივე წარმოდგენის გამოყენებით.
 
3.3. როგორ გავზარდოთ მოსწავლეთა მოტივაცია
    გარდამავალ ასაკში მოსწავლეები განიცდიან ფიზიკურ, ემოციურ, ინტელექტუალურ ცვლილებებს, მათ უყალიბდებათ წარმოდგენები საკუთარ თავზე, ასევე მათ მათემატიკურ შესაძლებლობებზე - ინტერესზე, მოტივაციაზე. ასეთი წარმოდგენები გავლენას ახდენს მათ მიდგომაზე მათემატიკის შესწავლისადმი. ამ ასაკში ყველა მოსწავლეს განვითარების ინდივიდუალური ტემპი აქვს, ზოგიერთი სწრაფად ვითარდება, ზოგი ნელა, ამიტომ მასწავლებლებს გვიწევს შეჯახება მოსწავლეთა შესაძლებლობების მრავალფეროვნებასთან, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა საკლასო ოთახში გაკვეთილზე შექმნას გარემო, სადაც ყველასთვის ერთნაირი ნორმები და თანაბარი პირობები თითოეულ მოსწავლეს შეუწყობს ხელს სწავლაში.
   მოსწავლეებს მოტივაციის ასამაღლებლად საჭიროა შევთავაზოთ ისეთი დავალებების შესრულება, რომლებიც მოსწავლეებს ჩართავს მათემატიკურ აზროვნებასა და მსჯელობაში,  მათ უნდა გამოიკვლიონ დამოკიდებულებანი, შეარჩიონ სტრატეგიები პრობლემათა გადასაჭრელად, ითანამშრომლონ ერთმანეთთან. მასწავლებელი კი უნდა დაეხმაროს მათ, რომ შეძლონ ცოდნის და იდეების განხორციელება არასტანდარტულ სიტუაციაში.
3.4. სხვადასხვა ინტელექტის ტიპის მქონე  მოსწავლეები
   თითოეულ მოსწავლეს საკუთარი სწავლის სტილი გააჩნია, ეს არის  აღქმის, მეხსიერების, ყურადღების, ინტერესის თავისებურებები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოსწავლის მიერ მასალის ათვისებაზე, სასწავლო პროცესში მონაწილეობაზე. ზოგი მოსწავლე ადვილად იმახსოვრებს სიტყვებს, ზოგს სურათის, ანალიზის გარეშე უჭირს დამახსოვრება, ზოგი კეთებით უფრო ადვილად სწავლობს და ა. შ. კლასში ყოველთვის გვყავს სხვადასხვა სწავლის სტილის მქონე მოსწავლეები, ამიტომაც საჭიროა მასალის პრეზენტაციის მრავალფეროვან გზებს მივმართოთ, რათა ყველა მოსწავლემ მიიღოს სარგებელი სასწავლო პროცესისგან. ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჰოვარდ გარდნერმა შვიდი ძირითადი ტიპის ინტელექტი გამოყო: ლინგვისტური, ლოგიკურ-მათემატიკური, მუსიკალური, სხეულებრივ-კინესთეტიკური, ვიზუალურ-სივრცითი, ინტერპერსონალური, ინტრაპერსონალური. ამიტომ გასათვალისწინებელია მოსწავლეთა სხვადასხვა ტიპის ინტელექტი და მასწავლებელმა შეძლებისდაგვარად უნდა ეცადოს სწავლისა და ინტელექტის სხვადასხვა ტიპზე გათვლილი მათემატიკური აქტივობები შესთავაზოს მოსწავლეებს.

თავი IV
მეთოდოლოგია
4.1. კვლევის  სამიზნე  ჯგუფი
 მე-5 კლასის მოსწავლეები - 8 მოსწავლე;
მოსწავლეთა მშობლები;
 პედაგოგები, რომლებიც ასწავლიან მე-5 კლასში
 კვლევაში მონაწილეობენ მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები.
⦁ კვლევის ჯგუფის წევრების შერჩევა;
⦁ კვლევის ინსტრუმენტების შემუშავება;
⦁ გამოკითხვა;
⦁ გამოკითხვის შედეგების ანალიზი;
⦁ სამუშაო შეხვედრები კოლეგებთან გამოცდილებისა და აზრთა გაზიარების მიზნით;
⦁ მშობლებთან შეხვედრა და ანალიზის შედეგების გაცნობა;
⦁ ინტერვენციის დაგეგმვა;
⦁ ინტერვენციის შედეგების ანალიზი;
⦁ კვლევის ვადების დაცვა;
⦁ შედეგების გაცნობა სასკოლო  საზოგადოებისთვის.

4.2. დაკვირვების ტიპის შერჩევა
კვლევაში გამოვიყენე კვლევის როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი მეთოდები (დახურული და ღიადაბოლოებიანი ანკეტირება). კვლევის  ინსტრუმენტებს კი წარმოადგენდა დაკვირვება, ინტერვიუ, კითხვარი. დადებითი შედეგის მისაღწევად გამოვიყენე  ინტერვენციები, რომლებიც   დავგეგმე.
       მონაცემების შესაგროვებლად გამოვიყენე შემდეგი მეთოდები:
გამოკითხვა, ინტერვიუ, დაკვირვება, ფოკუსირებული დაკვირვება.
          კვლევის საწყის ეტაპზე ვაკვირდებოდი მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში, თუ როგორ ასრულებდნენ საშინაო დავალებებს, როგორი მომზადებულები იყვნენ გაკვეთილისთვის.
          ფოკუსირებული დაკვირვებისას ყურადღებას ვამახვილებდი მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობასა და ახალი მასალის შესწავლისადმი მათ ინტერესზე.
              ჩავატარე წერილობითი გამოკითხვა მოსწავლეებთან, რის შედეგადაც გავარკვიე, თუ რა დროს უთმობენ მათემატიკის მომზადებას, კითხულობენ თუ არა მათემატიკის გაკვეთილს, სწავლობენ თუ არა ახალ ტერმინებს და ფორმულებს შინ, როგორია მშობლების მხრიდან კონტროლი და სხვ.
             მშობლებს აზრთა გაცვლის პროცესში უნდა გამოევლინათ დამოკიდებულება პრობლემისადმი, რათა გამეგო როგორი დამოკიდებულება აქვთ შვილების სწავლისადმი, იცნობენ თუ არა სწავლების თანამედროვე მიდგომებს, ეხმარებიან თუ არა დავალებების, კონკრეტულად კი მათემატიკის მომზადებაში და ა. შ.
4.3.კვლევის მეთოდების  შერჩევა
           კვლევაში გამოვიყენე შერჩევის ორი ტიპი: სრული შერჩევა - საკვლევი საკითხის შესასწავლად გამოვიყენე კითხვარი, რომელიც განკუთვნილი იყო კვლევაში მონაწილე ყველა მოსწავლისათვის და კითხვარი მშობლებისათვის.
           მიზნობრივი შერჩევა - გამოვიყენე ინტერვიუს დროს იმ მოსწავლეებთან, რომელთა აკადემიური მოსწრება გაუმჯობესდა, რათა მიღებული შედეგები გამეთვალისწინებინა კვლევის მომდევნო აქტივობებისა და ცვლილებების განხორციელების დასაგეგმად.
4.4. კვლევის ვადები
აქტივობა იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი
პრობლემის გამოკვეთა       X
    
კვლევის გეგმის შემუშავება      X    
კვლევის ჯგუფის შექმნა       X    
კვლევის ჯგუფის წევრთა შეხვედრები    
X     X       X      X
მონაცემების შეგროვება და ანალიზი  
X
        
     
დაკვირვება კვლევის მონაწილეებზე, კითხვარების დამუშავება           
        X              
გამოკითხვა და მიღებული შედეგების ანალიზი           
         
     X  
ინტერვენციების  განხორციელება  
    
      X
   X
     X
ინტერვენციების შედეგების ანალიზი              X
გაცნობა სასკოლო საზოგადოებისათვის      
    X

თავი V
კვლევისწინა გამოკითხვის შედეგები და ანალიზი
5.1. გამოკითხვის შედეგების ანალიზი
            კვლევის დაწყებამდე განვახორციელე სადიაგნოსტიკო ანონიმური გამოკითხვა მოსწავლეებში  იმ მიზნით, რომ გამეგო მიახლოებით რა მდგომარეობა იყო კლასში მოსწავლეთა მოტივაციის მხრივ, ხალისით ასრულებდნენ დავალებებს თუ არა, ჰქონდათ მათემატიკის კარგად სწავლის სურვილი თუ არა და ა.შ.
   სასწავლო წლის დასაწყისიდანვე რეგულარულად ვაწარმოებდი დაკვირვებას და ვინიშნავდი, თუ რამდენად მომზადებული მოდიოდნენ მოსწავლეები გაკვეთილზე, როგორ ასრულებდნენ საშინაო დავალებებს, სწავლობდნენ თუ არა სახლში ძირითად საკითხებს.  საკვლევი კლასიდან რეგულარულად მომზადებული იყო და  დავალებას ასრულებდა დაახლოებით 50%, საშუალოდ იყო მომზადებული, არარეგულარულად  და  შეცდომებით ასრულებდა დავალებას - 25%, იშვიათად სწავლობდა და ასრულებდა დავალებას - 25%.
    გაკვეთილებზე დაკვირვების შედეგად გამოვიტანე დასკვნა, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილს უჭირს მათემატიკური ტერმინების დამახსოვრება, ფაქტების გაგება, ასევე მათი გამოყენება პრაქტიკული სამუშაოების შესრულებისას, ამოცანებისა თუ მაგალითების ამოხსნისას, რაც იწვევს მათ ნაკლებ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში, დამოუკიდებელი მუშაობის სურვილის არქონას და ნაკლებ მოტივაციას დავალების შესრულებისადმი.
 კვლევისთვის შევადგინე კითხვარები, რომლებიც განკუთვნილი იყო მე-5 კლასის მოსწავლეებისა და  მშობლებისთვის. კითხვარი შეავსო 8 მოსწავლემ. გამოკითხვის შედეგების გაანალიზების შემდეგ ასეთი სურათი მივიღეთ.
კითხვაზე  თუ როგორ ატარებ თავისუფალ დროს   2 მოსწავლე ამბობს, რომ  კითხულობს დამატებით მხატვრულ ლიტერატურას,  3 მოსწავლე კომპიუტერზე თამაშებით ერთობა, ხოლო 2 მოსწავლე დაკავებულია სპორტით, სხვა ინტერესი აქვს 1 მოსწავლეს.
კითხვაზე, რა დროს უთმობ მათემატიკის გაკვეთილის მომზადებას შინ - 5 მოსწავლე პასუხობს, რომ  ნახევარ საათზე ნაკლებს,  3 მოსწავლე ნახევარ საათზე მეტს. 
 რამდენად რთულია ან მარტივია მათემატიკის დავალების შესრულება შენთვის -  3 მოსწავლე ამბობს, რომ რთულია, 3 მოსწავლისთვის - მარტივია,  2 მოსწავლეს უჭირს პასუხის გაცემა.
კითხვა: ვინ და რამდენად ხშირად გაკონტროლებს, ხარ თუ არა მომზადებული მათემატიკის გაკვეთილისთვის - 3 მოსწავლე ამბობს, რომ  აკონტროლებს დედა, 2 მოსწავლეს ყოველთვის აკონტროლებენ ოჯახის წევრები, 3 მოსწავლეს არავინ არ აკონტროლებს. 
კითხვაზე გაქვს თუ არა რაიმე ინფორმაცია წილადების შესახებ - 4 მოსწავლე ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, 4 მოსწავლეს არ ახსოვს.
კითხვაზე იცი თუ არა წილადებზე მოქმედებების შესრულება, 3 მოსწავლის აზრით, იცის, 5-მა მოსწავლემ არ იცის.
 მათემატიკის ამოცანების ამოხსნა უფრო მოგწონს თუ მაგალითების - 3 მოსწავლე პასუხობს, რომ მოსწონს ამოცანების ამოხსნა, 4 მოსწავლეს მოსწონს მაგალითების და განტოლებების ამოხსნა, 1 მოსწავლეს კი არცერთი არ აინტერესებს.
 გაქვს თუ არა სურვილი, რომ მათემატიკა კარგად ისწავლო - 6 მოსწავლე წერს, რომ უნდა მათემატიკის კარგად სწავლა, მაგრამ ზოგიერთ მათგანს ამაში ხელს უშლის ძირითადად სიზარმაცე მასალის სირთულესთან ერთად, 2 მოსწავლეს უჭირს პასუხის გაცემა.
 შენი აზრით, რა გიშლის ხელს მათემატიკის   კარგად სწავლაში - 2 მოსწავლე წერს, რომ - სიზარმაცე, 2 მოსწავლეს ხელს უშლის მასალის სირთულე, 1 მოსწავლეს ნაკლები მოტივაცია, ხოლო 3 მოსწავლეს არაფერი არ უშლის ხელს.
   როგორც გამოკითხვის შედეგებიდან ირკვევა გამოკითხულ მოსწავლეთა დიდი ნაწილი  მათემატიკის მომზადებას უთმობს ცოტა დროს, მოსწავლეთა მხოლოდ მცირე ნაწილი მეცადინეობს 30 წუთს ან მეტს, მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი შინ  არ სწავლობს ძირითად ფორმულებს და განსაზღვრებებს, ისინი მხოლოდ კლასში მოსმენილით კმაყოფილდებიან. გაკვეთილების შემდეგ დროის დიდ ნაწილს უთმობენ კომპიუტერულ თამაშებს, სხვადასხვა წრეებში მეცადინეობებს, არ იცავენ დღის რეჟიმს. 
5.2. მოსწავლეთა კვლევისწინა გამოკითხვის (იხ. დანართი 2) შედეგები დიაგრამის სახით      
                

  
         
      
    
     
                                        
    მშობელთა გამოკითხვის შედეგად კი გამოიკვეთა, რომ 3 მშობელი აქტიურად არის ჩართული შვილის სწავლის პროცესში და ხშირი ურთიერთობა აქვს მასწავლებელთან, 2 არ არის აქტიურად ჩართული და იშვიათად ეკონტაქტებიან მასწავლებელს, ნაწილობრივ არიან ჩართული შვილის სწავლის პროცესში 3 მშობელი. ანალოგიურად,  შვილის მეცადინეობას აკონტროლებს მშობელთა ნაწილი, 5 მშობელი ამბობს, რომ მისი შვილი ყოველთვის ასრულებს დავალებებს, 3 მშობლის აზრით კი ნაწილობრივ ასრულებს დავალებებს. სისტემატიური მუშაობა დაეხმარება მის შვილს შედეგების გაუმჯობესებაში 6 მშობლის აზრით, 2 მშობლის აზრით კი ნაწილობრივ დაეხმარება. 4-მა მშობელმა იცის, რა ტიპის დავალებების შესრულება უჭირს მის შვილს, 2-მა მშობელმა არ იცის, 2-მა კი ნაწილობრივ იცის. 5 მშობლის აზრით, მშობელი აქტიურად უნდა იყოს ჩართული შვილის სწავლის პროცესში, ნაწილობრივ ჩართულობის მომხრეა 3 მშობელი. მიუხედავად აღნიშნული შედეგებისა, მაინც ოპტიმისტურად განვეწყვე და იმედი გამიჩნდა, რომ სწორად დაგეგმილი და განხორციელებული ინტერვენციების შედეგად მეორე სემესტრის ბოლოს უკეთესი მაჩვენებლები შეიძლება მიგვეღო იქიდან გამომდინარე, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას აქვს სურვილი მათემატიკა კარგად ისწავლოს, ამიტომ შევეცადე ისეთი აქტივობები განმეხორციელებინა, რომლებიც მათ მოტივაციას გაუზრდიდა, სახალისო იქნებოდა და სიზარმაცის დაძლევაშიც ცოტა დაეხმარებოდათ.
   
მშობელთა კვლევისწინა გამოკითხვის (იხ.დანართი 3) შედეგები დიაგრამის სახით
        
        
         
         
    

თავი VI
ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები
კვლევის ჯგუფთან ერთად დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები:
6.1.  ინტერვენციები
მიღებული შედეგების განხილვისა და გაანალიზების შემდეგ   კვლევის ჯგუფთან ერთად დაიგეგმა შემდეგი ღონისძიებები:
⦁ ინტერვენცია N1 განმავითარებელი შეფასების ეფექტური გამოყენება სასწავლო პროცესში;
⦁ ინტერვენცია N2 მოსწავლეთა მოტივაციის და ჩართულობის ხარისხის გასაზრდელად სწავლების პროცესში მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება;
⦁  ინტერვენცია N3 სწავლებაში ინდივიდუალური მიდგომების, ისტ-ების გამოყენება;
⦁ ინტერვენცია N4  თანამშრომლობითი სწავლების ხშირი გამოყენება ჩართულობის ხარისხის გასაზრდელად;
⦁ ინტერვენცია N5 ხანის აკადემიის გაცნობა მოსწავლეთათვის და მისი გაკვეთილების დახმარებით სწავლების პროცესის გაუმჯობესება.

წილადების შეკრება-გამოკლება
წილადების შეკრება-გამოკლება
6.2. ინტერვენციების მიზნები, განხორციელება და  შედეგები
კვლევის განმავლობაში თვეში ერთხელ ხდებოდა კვლევის ჯგუფის წევრების შეხვედრა, რომელშიც იყვნენ დაწყებითი საფეხურის მათემატიკის მასწავლებლები და ვსაუბრობდით დაგეგმილი ინტერვენციების განხორციელებასა და მათ შესაძლო შედეგებზე. მოსწავლეებს ვესაუბრეთ დღის რეჟიმის დაცვის აუცილებლობაზე და კვირაში ერთხელ მაინც ვახსენებდით. მოსწავლეებს ვთხოვე, პირველ რიგში, შეედგინათ დღის რეჟიმი და შეძლებისდაგვარად, ეცადათ მისი დაცვა. შევხვდი მშობლებს და ვთხოვე, რომ სისტემატიურად გაეწიათ მეთვალყურეობა თავიანთი შვილების სწავლის პროცესის, საშინაო დავალებების შესრულების და დღის რეჟიმის დაცვაზე.  
ინტერვენცია N1-ის განხორციელება და შედეგები.
მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიური სწავლების მეთოდების გამოყენების შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების სწორად და ზუსტად შეფასებას, მოსწავლეთა დროულ და ზომიერ წახალისებას. ამიტომ გამოკითხვის პროცესში ვცდილობდი მიმეღო მოსწავლის ცოდნისა და უნარების შესახებ ინფორმაცია იმ მიზნით, რომ მიმეცა ინსტრუქციები ნაკლოვანებათა გამოსასწორებლად. გამოკითხვისას პირველ რიგში ვითვალისწინებდი, თუ რა იცის მოსწავლემ და შემდეგ რაში სჭირდება დახმარება. ვცდილობდი, რომ მოსწავლეებს დაეძლიათ არასწორი პასუხის შიში და წამეხალისებინა აზროვნების სისხარტე, ორიგინალობა, სიბეჯითე, მათემატიკის სწავლის სურვილი. სწავლებაში უფრო აქტიურად დავიწყე განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება, როგორიცაა გაკვეთილზე შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები, თვითშეფასების ბარათები, მოსწავლეთა მიერ ურთიერთშეფასება...
ვიყენებდი განმავითარებელი შეფასების ორივე ფორმას: ზეპირ და წერილობით კომენტარებს. სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებს ჰქონდათ საკლასო-საშინაო წერისთვის გამოყოფილი ორი რვეული, ერთ რვეულს კლასში დავალების შემოწმების შემდეგ მიტოვებდნენ, რომ უფრო დეტალურად შემემოწმებინა თითოეული მოსწავლის მიერ შესრულებული დავალება და შემეფასებინა შესაბამისი განმავითარებელი კომენტარით, პირველ რიგში აღვნიშნავდი, თუ რა იყო კარგად შესრულებული და შემდეგ რაზე უნდა ემუშავა.  მაგალითად მოვიყვან ერთ-ერთ  წერილობით კომენტარს -„დავალება კარგად გაქვს შესრულებული, გამოსახულების მნიშვნელობა სწორად გამოთვალე, იცავ მოქმედებათა თანმიმდევრობას, განტოლებების ამოხსნისას ზოგჯერ უშვებ შეცდომას, ყურადღება მიაქციე გამრავლების და გაყოფის კომპონენტებს შორის დამოკიდებულებას.“ მოსწავლეები ყოველდღე დიდი ინტერესით ელოდნენ თუ როგორი კომენტარით შევაფასებდი და ცდილობდნენ დღითიდღე გაეუმჯობესებინათ დავალების შესრულების ხარისხი. გაკვეთილის განმავლობაში ასევე ვცდილობდი საჭიროების შემთხვევაში მოსწავლისთვის მიმეცა კონკრეტული და ეფექტური უკუკავშირი. გარდა ამისა სისტემატიურად ვცდილობდი ინფორმაციის მოგროვებას მოსწავლის პროგრესის, მისი მოტივაციის, აქტიურობისა და მონდომების შესახებ, რადგან გავაცნობიერე, რომ დაკვირვება განმავითარებელი შეფასების შემადგენელი ნაწილია და ის მეხმარებოდა მოსწავლის შესახებ მეტ-ნაკლებად სრული სურათის შექმნაში.

დაკვირვების ცხრილი
მოსწავლის სახელი დაკვირვების თარიღი საშინაო დავალების შესრულების ხარისხი საკლასო აქტივობებში ჩართულობა თანაკლასელებთან კომუნიკაცია ჯგუფური მუშაობა
      X          X საშინაო დავალება ნაწილობრივ ჰქონდა შესრულებული, უჭირს წილადის ძირითადი თვისების გამოყენება იყო ჩართული აქტიურად, მსჯელობდა, კარგი დამოკიდებულებააქვს, კონტაქტურია ჩართულია, მაგრამ უჭირს თავისი  აზრის დასაბუთება
ასეთი ცხრილი მეხმარებოდა, რომ თითოეული მოსწავლის პრობლემა შესაძლებლობის ფარგლებში მომეგვარებინა. ამ მოსწავლეს პერიოდულად შევახსენებდი, რომ საშინაო დავალებას მეტი ყურადღებით მოეკიდოს, წილადის ძირითადი თვისება კარგად გაიაზროს, ჯგუფური ან წყვილებში მუშაობის დროს კი ლიდერად დავნიშნავდი, რომ მეტად თავდაჯერებული გამხდარიყო.
მოსწავლეების მიმართ გაკეთებული კომენტარები ყოველთვის კონკრეტული, ობიექტური და მისი განვითარებისკენ იყო მიმართული, მაგრამ ვცდილობდი ზომიერების დაცვას, რადგან კომენტარის მთავარი დანიშნულებაა მოსწავლეები უფრო მოტივირებულები, მონდომებულები გახადოს და სწავლის მიმართ პოზიტიური განწყობა შეექმნათ.
ინტერვენცია N2-ის განხორციელება და შედეგები. 
 იმისათვის, რომ მოსწავლეებს გაუჩნდეთ მოტივაცია მათემატიკის შესწავლისადმი და შეითვისონ შემეცნების სხვადასხვა ხერხები, საჭიროა კომპლექსური მიდგომის განხორციელება, რაც გულისხმობს, რომ ტრადიციულ მიდგომასთან ერთად სისტემატიურად გამოიყენებოდეს სწავლების აქტიური მეთოდები, რომელიც ხელს შეუწყობს დაკვირვების უნარის განვითარებას, მოსწავლეებმა არა მარტო უნდა აითვისონ მათთვის გადაცემული ცოდნა, არამედ თვითონაც უნდა მიაკვლიონ მათემატიკურ ცოდნას და განივითარონ უნარები „აღმოჩენათა გზით“.  ამიტომ სწავლების პროცესში საჭიროების მიხედვით ვეცადე გამომეყენებინა მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები, თვალსაჩინოებები...წილადების სწავლების პროცესში სასარგებლო აღმოჩნდა რესურსი „საინფორმაციო პლაკატები მათემატიკაში-წილადები“, ასევე მოსწავლეებმა საკუთარი ხელითაც შექმნეს სასწავლო რესურსები. ყოველივე ამან დადებითი გავლენა მოახდინა მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხზე და მოტივაციაზე.
 სლაიდი 2. 
მოსწავლეებს ვთავაზობდი სახალისო აქტივობებს წილადებზე, რომლებსაც ინტერესით ეკიდებოდნენ. (დანართი 7. დანართი 8, დანართი 9).
ინტერვენცია N3-ის განხორციელება და შედეგები. ყოველთვის ვიყენებდი და ვეცადე უფრო ხშირად გამომეყენებინა სწავლებაში ისტ-რესურსები, ინდივიდუალური მიდგომები მოსწავლეებთან. გამოკითხვის საშუალებით დავადგინე, ინტელექტის რომელ ტიპს მიეკუთვნებოდნენ მოსწავლეები, რათა მათთვის შემეთავაზებინა ისეთი რესურსები, რომლებიც დაეხმარებოდა მათ მასალის ადვილად აღქმაში. კვლევის თემა საშუალებას მაძლევდა და აქტიურად გამოვიყენე ოთხი წარმოდგენის წესი მათემატიკაში: გეომეტრიული (დიაგრამა, გრაფიკი, ნახატი...), რიცხვითი (მონაცემები, ცხრილები), ანალიზური (ალგებრული გამოსახულება, სიმბოლური წარმოდგენა) და სიტყვიერი (ზეპირსიტყვიერი ახსნა -ლექცია, დისკუსია.. და დაწერილი ახსნა -სახელმძღვანელო, ჩანაწერები კლასში, სამუშაო ფურცლები). ვცდილობდი, მასალა მიმეწოდებინა როგორც სიტყვიერად, ასევე თვალსაჩინო საშუალებების გამოყენებით, რამაც მოსწავლეებს გაუადვილათ წილადების შესწავლა და მოტივაციაც გაუზარდა.
  მოსწავლეთა ჩართულობის გასაზრდელად და წასახალისებლად გაკვეთილებზე გამოვიყენე შემდეგი სტრატეგიები: შემთხვევითი შერჩევა გამოსაძახებელი ჩხირების საშუალებით, მასწავლებლის მიერ შერჩევა-ხელის აწევის გარეშე, მოსწავლის მიერ შერჩევა და სხვა.
   მოსწავლეებს ვესაუბრე ჩართულობის დადებითი მხარეების შესახებ, რათა მათ დაეძლიათ არასწორი პასუხის შიში. 
მოსწავლეებს პერიოდულად ვთავაზობდი ელექტრონულ ტესტებს, რომლებიც შევადგინე წილადების შესახებ პროგრამა learningapps.org-ში,, რომლებსაც დიდი ინტერესით აკეთებდნენ.

  ინტერვენცია N4-ის განხორციელება და შედეგები.
 სწავლებაში მეტი ყურადღება მივაქციე თანამშრომლობითი სწავლების ხშირ გამოყენებას. კვლევები აჩვენებს, რომ კარგად ორგანიზებულ თანამშრომლობით ჯგუფებში მოსწავლეები სასწავლო დისციპლინებს სწავლობენ უფრო უკეთ, ვიდრე  ტრადიციული - ინდივიდუალური ფორმით. ამას გარდა, თანამშრომლობით სწავლებას აქვს მრავალი სხვა ფსიქოლოგიური და სოციალური უპირატესობები, მაგალითად, საკუთარი თავის წარმოჩენა, თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განვითარება, პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
  კვლევები ასევე აჩვენებს, რომ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება ასევე უმჯობესდება თანამშრომლობითი სწავლების შედეგად.  ასეთი სწავლებისას უფრო მეტ პროგრესს ნაკლებად წარმატებული მოსწავლეები განიცდიან, რადგან ასეთი სწავლება გამოიყენება როგორც მათი მოტივაციის ზრდის ხერხი. თანამშრომლობითი სწავლება აჩვევს მოსწავლეებს საკუთარი მოსაზრებების გაზიარებას კლასელებისათვის,  თანაც ამ დროს მოსწავლეები წარმატებით ასრულებენ ისეთ სავარჯიშოებს, რომელთა შესრულება მათ უჭირდათ ინდივიდუალური მუშაობის დროს.
ინტერვენცია N5-ის განხორციელება.
მოსწავლეებს გავაცანი ხანის აკადემია და მისი გაკვეთილების შესახებ მივაწოდე ინფორმაცია. მოისმინეს ხანის აკადემიის გაკვეთილები წილადების შეკრება-გამოკლების, შედარების, წილადის ძირითადი თვისების შესახებ, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცოდნის განმტკიცებას და პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარებას.
    განხორციელებული ინტერვენციების დადებით შედეგზე მეტყველებს მე-5კლასის მოსწავლეთა შედეგები მე-2 სემესტრის ბოლოს მათემატიკაში: 10 ქულა დაიმსახურა 2-მა მოსწავლემ, 9 ქულა  2-მა მოსწავლემ, 8 ქულა 1-მა, 7 ქულა 1-მა, ხოლო 6 ქულა 2-მა მოსწავლემ.
   
6.3. შემაჯამებელი ტესტის „შეაფასე შენი თავი“ (იხ.დანართი 1)  დიაგრამა
   

თავი  VII    კვლევისშემდგომი გამოკითხვა და შედეგების ანალიზი
7.1. მოსწავლეთა კვლევისშემდგომი გამოკითხვა (იხ.დანართი 4) და შედეგების ანალიზი
         საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთა კვლევისშემდგომი გამოკითხვის შედეგები. მოსწავლეთა პასუხებიდან ჩანს, რომ მათი მოტივაცია შეიცვალა უკეთესობისაკენ. 7 მოსწავლეს უყვარს მათემატიკა, მხოლოდ ერთს ნაწილობრივ უყვარს, რადგან ცოტა უჭირს სწავლა. ზოგიერთს იმიტომ უყვარს, რომ საინტერესოა, ზოგის აზრით, გონებას ავარჯიშებს, გვჭირდება ცხოვრებაში და სხვა. მოსწავლეებს რამდენიმე პასუხი შეეძლოთ აერჩიათ კითხვაზე, თუ რა ტიპის დავალებები აინტერესებთ უფრო. თითქმის ყველა მოსწავლეს მოსწონს რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის პოვნა, მათ შორის წილადებზეც, 6 მოსწავლეს მოსწონს განტოლებების ამოხსნა ნატურალურ რიცხვებზე და წილადებზე, ასევე დიაგრამების აგება, 4 მოსწავლეს პიქტოგრამების შედგენა და ასოითი გამოსახულებების გამარტივება, ნაკლებად მოსწონთ (მხოლოდ 3 მოსწავლეს)ამოცანების ამოხსნა. 5 მოსწავლისთვის  მათემატიკის სწავლა ადვილია, 3-ს რთულად მიაჩნია. თითქმის ყველა მოსწავლეს მოსწონს გაკვეთილი, როდესაც მუშაობენ წყვილებში ან ჯგუფებში, ასვე როცა სახალისო აქტივობებია გამოყენებული. ყველა მათგანი ფიქრობს, რომ მათემატიკის ცოდნა მომავალში გამოადგება. საშინაო დავალებას ყოველთვის დამოუკიდებლად ასრულებდა 3 მოსწავლე, 5 კი ზოგჯერ ასრულებდა დამოუკიდებლად. წილადების სწავლა ყველა მოსწავლისთვის საინტერესო იყო, 5 მოსწავლე თვლის, რომ წილადების შესახებ ბევრი ახალი ინფორმაცია მიიღო, 3-მა კი ნაწილობრივ. წილადებზე მოქმედებების შესრულება და მარტივი ამოცანების ამოხსნა შეუძლია 6 მოსწავლეს, 2-ს კი ნაწილობრივ შეუძლია. ყველა მოსწავლის აზრით მე-5 კლასში მათი ცოდნა მათემატიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
    
    
     
      
      
7.2. მშობელთა კვლევისშემდგომი გამოკითხვა (იხ.დანართი 5) და შედეგების ანალიზი
 საინტერესოა მშობელთა კვლევისშემდგომი გამოკითხვის შედეგები. 5 მშობელი წერს, რომ მის შვილს აინტერესებს მათემატიკა და ცდილობს კარგად ისწავლოს,2 მშობლის აზრით ნაწილობრივ აინტერესებს, 1-ს კი უჭირს პასუხის გაცემა. მშობელთა უმრავლესობამ იცის, თუ რა ტიპის დავალებებს აკეთებენ ხალისით მათ შვილები. 6 მშობლის აზრით მიმდინარე სასწავლო წელს გაიზარდა მოტივაცია მათემატიკის სწავლისადმი, 2-ს უჭირს პასუხის გაცემა. ყველა მშობელი თვლის, რომ მისი შვილი უფრო თავდაჯერებული გახდა და სკოლა მათთვის ის ადგილია, სადაც წასვლა უხარიათ. 5 მშობელი ამბობს, რომ მისი შვილი მათემატიკურ ცოდნას კარგად იყენებს პრაქტიკაში, 3 კი ნაწილობრივ. მთლიანობაში შედეგები მიმაჩნია, რომ პოზიტიურია.
       
      
      

7.3. კოლეგებთან კვლევის გაზიარების კითხვარი (იხ. დანართი 6)  და მისი ანალიზი
      კვლევის დასრულების შემდეგ კოლეგებთან გავაკეთე კვლევის პრეზენტაცია, ვესაუბრე მათ კვლევის გეგმაზე, განხორციელებულ ინტერვენციებზე და მიღებულ შედეგზე. მაინტერესებდა კოლეგების უკუკავშირი. უმრავლესობას  მიაჩნია, რომ დაგეგმილი აქტივობებით და ინტერვენციებით შესაძლებელია მოსწავლეთა დაინტერესება და მათი მოტივაციის გაზრდა, აღნიშნეს, რომ ზოგ აქტივობას თვითონაც იყენებენ პრაქტიკაში. კვლევის თემას თვლიან აქტუალურად იმიტომ, რომ მათი ცოდნა საჭიროა არა მარტო მათემატიკაში, არამედ ცხოვრებაში პრაქტიკულ საქმიანობაში და ზოგიერთი სხვა საგნის სწავლაც მოითხოვს წილადების შესახებ ელემენტარულ ცოდნას.
7.4.კოლეგებთან კვლევის გაზიარების რეფლექსია
    2018-2019 სასწავლო წლის მე-2 სემესტრში სსიპ სოსო ღვინიაშვილის სახელობის ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მე-5 კლასში განვახორციელე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე „ეფექტური სტრატეგიები მოსწავლეთა მოტივაციისა და ჩართულობის ხარისხის ასამაღლებლად წილადების შესწავლის დროს მე-5 კლასში.“ აღნიშნული კვლევის განხორციელება გადავწყვიტე წლების განმავლობაში დაკვირვების და ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას ზედა კლასებში უჭირს წილადებზე ელემენტარული მოქმედებების შესრულება, არაწესიერი წილადის ჩაწერა შერეული წილადის სახით და პირიქით, წილადის ძირითადი თვისების გამოყენება და სხვ. ამის შედეგად კი  უქრებოდათ მოტივაცია და სწავლის სურვილი. სწორედ ამ მიზეზების გამო  გადავწყვიტე სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება საფუძვლიანი სწავლებისთვის, რომ მიღებული შედეგები და გამოცდილება გამოვიყენო მომავალშიც.
შესაბამისად, კვლევის მიზანი იყო,  დამეგეგმა საჭირო ინტერვენციები და მათი საშუალებით  გადამეჭრა პრობლემა. კვლევა განვახორციელე  მე-5 კლასის 8 მოსწავლესთან და  გრძელდებოდა 6 თვის განმავლობაში. გამოვიყენე კვლევის  როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი მეთოდები, ასევე  გამოკითხვა, ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილზე,  კითხვარები. დავგეგმე ინტერვენციები, რომლებიც დადებითად იმოქმედებდა მოტივაციაზე და გაკვეთილზე  ჩართულობის ხარისხზე, რაც დიაგრამებშია ასახული.  კოლეგებისაგან ხშირად ვიღებდი რჩევებს, ერთმანეთს ვუზიარებდით აზრებს, თუ როგორი იყო მოსწავლეთა ჩართულობა და დაინტერესება სხვადასხვა საგნებში. მეტი გულწრფელობის გამოვლენისა და რეალური ვითარების შესასწავლად  მოსწავლეებს კითხვარები შევავსებინე ანონიმურად.
ყველა ინტერვენცია, რომელიც დავგეგმე და განვახორციელე, ემსახურებოდა მოსწავლეთათვის  კომფორტული და მათ საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნას, წახალისებას, თანამშრომლობითი უნარების განვითარებას, შინაგანი  მოტივაციის ამაღლებას და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას.  ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ მოსწავლეებისთვის გამეღვივებინა საკუთარი თავის და შესაძლებლობებისადმი რწმენა, ხშირად ვესაუბრებოდი, რომ მათემატიკის კარგად სწავლა მართალია განსაკუთრებულ ნიჭს და უნარებს საჭიროებს, მაგრამ სურვილის და მონდომების შემთხვევაში შეუძლებელი არაფერია, ყველაზე სუსტმა მოსწავლემაც კი შეიძლება ისწავლოს საშუალო დონეზე.
ვფიქრობ, რომ დადებითი შედეგის მიღებაში დამეხმარა განმავითარებელი შეფასების ეფექტური გამოყენება, დროული და კონკრეტული უკუკავშირი, ასევე თანამშრომლობითი სწავლების მეთოდი. განსაკუთრებით შედეგიანი იყო  ჯგუფებში მუშაობა, რადგან ერთმანეთს ეხმარებოდნენ დავალებების შესრულებაში, ხდებოდა აზრთა ურთიერთგაზიარება, რაც მოტივაციას კიდევ უფრო აძლიერებდა.
მე-2 სემესტრის ბოლოს მოსწავლეთა შედეგები მათემატიკაში გაუმჯობესდა და ვფიქრობ, რომ ამაში გარკვეული წვლილი განხორციელებულმა ინტერვენციებმა შეიტანა.
განხორციელებულ კვლევაზე და მის შედეგებზე კოლეგებთან გავაკეთე პრეზენტაცია, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მათთვის. აღნიშნეს, რომ კვლევის თემა მართლა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ყოველთვის არის წილადების შესახებ ცოდნის საჭიროება სხვადასხვა დროს. ზოგ მათგანს გაუჩნდა სურვილი, რომ მსგავსი აქტივობები თვითონაც გამოიყენოს გაკვეთილებზე, რათა სასწავლო პროცესი უფრო სახალისო და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გახადონ. ასევე, თვითონაც განახორციელონ კვლევა სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, რომელიც მათ პრაქტიკაშიც არსებობს. 
კვლევაზე მუშაობით შევიძინე გამოცდილება, რაც დამეხმარება შემდგომ პედაგოგიურ საქმიანობაში. დავრწმუნდი, რომ მოსწავლეთა შესაძლებლობები გამოვლენილი იქნება, თუ ამა თუ იმ საკითხის შესასწავლად ეფექტურ მეთოდებს გამოვიყენებთ და საინტერესოდ მივაწვდით ბავშვებს.  ვფიქრობ და კოლეგებიც დავარწმუნე იმაში, რომ კვლევა მასწავლებლის საქმიანობაში მუდმივი პროცესი უნდა იყოს. ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია განახორციელოს კვლევა, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა შედეგებზე, ხოლო მათ პროფესიულ განვითარებას კი ხელს შეუწყობს.
თავი VIII მიგნებები და რეკომენდაციები
8.1. მიგნებები
ანალიზის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი მიგნებები
⦁ მოსწავლეები მათემატიკის მომზადებას სახლში უთმობენ ძალიან მცირე დროს, არ კითხულობენ გაკვეთილს, არ აქვთ მოტივაცია, რომ საფუძვლიანად აითვისონ მასალა.
⦁ მოსწავლეები თავისუფალ დროს არ იყენებენ მიზნობრივად და რაციონალურად.
⦁ მშობლები ნაკლებად არიან დაინტერესებული შვილების აკადემიური მოსწრებით, ნაკლებად ან საერთოდ არ აკონტროლებენ მათი სწავლის პროცესს.
⦁ პედაგოგები სისტემატიურად არ თანამშრომლობენ ერთმანეთთან და მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნვას სხვადასხვა საშუალებებით არ აქვს სისტემატიური ხასიათი.

8.2. რეკომენდაციები
  კვლევა მიმდინარეობდა ერთი სემესტრის განმავლობაში, დაიგეგმა და განხორციელდა შესაბამისი ინტერვენციები, შედეგად მოსწავლეებს გაუჩნდათ მეტი მოტივაცია მათემატიკის შესწავლისადმი და  შესამჩნევად გაუმჯობესდა მათი აკადემიური მოსწრება.
   სასურველია, რომ მომავალში სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმა აქტიურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება მოტივაციის ამაღლების სტრატეგიების და მეთოდების გამოყენების მხრივ, გაკვეთილებზე გამოიყენონ მრავალფეროვანი რესურსები, მათ შორის ისტ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და დაინტერესებას.  მიმდინარე სასწავლო წელს დასრულდება სკოლის ახალი სასწავლო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნიკით და ლაბორატორიით, რაც საშუალებას მოგვცემს მასწავლებლებს გამოვიყენოთ აქტიურად ისტ სასწავლო პროცესში.
  სასურველია ასევე, რომ მოსწავლეებმა თავისუფალი დრო გამოიყენონ რაციონალურად, მათემატიკის მომზადებას სახლში დაუთმონ საკმარისი დრო, წაიკითხონ გაკვეთილი, ჩაინიშნონ ტერმინები, გააკეთონ ჩანაწერები, გაუგებარი საკითხები  გაარკვიონ მასწავლებლის დახმარებით.
  მშობლებმა მეტი ყურადღება გამოიჩინონ და სისტემატიურად აკონტროლონ შვილების სწავლის პროცესი, ხშირად იკონტაქტონ მასწავლებლებთან და საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელთან ერთად დაგეგმონ შესაბამისი ღონისძიებები.




ბიბლიოგრაფია
⦁ ბოჭორიშვილი მ. „როგორ ჩავატაროთ საკლასო კვლევა“, ჟურნალი „მასწავლებელი“, N6. 2017, 16-20.
⦁ მარზანო რობერტ. ფიქერინგი დებრა, ფოლოქი ჯეინ „ეფექტური სწავლება სკოლაში: კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები, რომლებიც აუმჯობესებენ მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას“, 1-7, 57-80.
⦁ მოდული-მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება მათემატიკაში, 2017, 16-27, 28-38)
⦁ ნოზაძე გ. (შემდგ.) მათემატიკის სწავლების მეთოდიკის საკითხები, გამ. „მერიდიანი“, თბილისი 2009, 7-36)
⦁ ოსიაშვილი ქ. „როგორ შევუნარჩუნოთ ბავშვს სკოლისა და სწავლისადმი ინტერესი“,(მასწავლებლის წიგნი უსაფრთხო სკოლა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2018, 63-66)
⦁ „პროფესიული უნარები“, გამოცდების ეროვნული ცენტრი. 2008.
⦁ ტყემალაძე რ. დალაქიშვილი ნ. თოფაძე ქ. პაჭკორია თ. ბუწაშვილი  თ. მოტივაცია და მოტივაციის ამაღლების საშუალებები, „სწავლება და შეფასება“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2011.
⦁ ჭაუჭიძე გ.(2019) როგორ დავწეროთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში,(გაზ. “ახალი განათლება“, 2-3)
⦁ ჭყოიძე თ.” სწავლის მოტივაციის შიგა ფაქტორები”, ჟურნალი „მასწავლებელი,  N2. 2012.
⦁ http://medialiteracy.ge/.../kvlevis-metodebi-ganatlebashi
   11. https://learningapps.org/display?v=pmqf14i5319
 12.   https://learningapps.org/display?v=p2v48f0da19   

კვლევის ანგარიში განთავსებულის  ბლოგზე:  https://lia-qitoshvili.blogspot.com/


დანართები
დანართი 1. თვითშეფასების ტესტი „შეაფასე შენი თავი“


დანართი 2
კვლევისწინა   კითხვარი მოსწავლეთათვის  (გამოკითხვა ანონიმურია)
1.როგორ ატარებ  თავისუფალ დროს?(რა არის შენი ჰობი)
ა)ვკითხულობ     ბ)სპორტით ვარ დაკავებული
 გ)ვთამაშობ კომპიუტერულ თამაშებს   დ)სხვა
 2.რა დროს უთმობ მათემატიკის გაკვეთილის მომზადებას?
ა) 30 წთ-ზე ნაკლებს      ბ) 30 წთ-ზე მეტს
3..რამდენად რთული ან მარტივია შენთვის გაკვეთილის მომზადება
ა) რთულია     ბ) მარტივია     გ)მიჭირს პასუხის გაცემა
4.  რამდენად ხშირად გაკონტროლებენ ხარ თუ არა მომზადებული გაკვეთილისთვის?
ა) ყოველთვის მაკონტროლებენ    ბ) ზოგჯერ მაკონტროლებენ    გ) არ მაკონტროლებენ
5.გაქვს ინფორმაცია  წილადების შესახებ, როგორ ჩაიწერება? სად იწერება მნიშვნელი და მრიცხველი
ა) ვიცი         ბ) არ ვიცი       გ) ნაწილობრივ ვიცი
6.იცი წილადებზე მოქმედებების შესრულება?
ა)ვიცი           ბ) არ ვიცი      გ) ნაწილობრივ ვიცი
7. მათემატიკაში ამოცანების ამოხსნა უფრო საინტერესოა შენთვის, თუ მაგალითების?
ა) ამოცანების        ბ) მაგალითების       გ) სხვა
8.გაქვს თუ არა სურვილი მათემატიკა კარგად ისწავლო?
ა) დიახ               ბ)არა            გ)არ ვიცი
9.შენი აზრით, რა გიშლის ხელს მათემატიკის სწავლაში? (სიზარმაცე, მასალის სირთულე, ნაკლები მოტივაცია და ა. შ.)
ა) სიზარმაცე       ბ)მასალის სირთულე   გ)ნაკლები მოტივაცია   დ) სხვა

დანართი 3
კვლევისწინა კითხვარი მშობელთათვის   (გამოკითხვა ანონიმურია)
1)ხართ თუ არა აქტიურად ჩართული თქვენი შვილის სწავლის პროცესში?
ა) კი          ბ)არა             გ) ნაწილობრივ
2)როგორ ფიქრობთ, ასრულებს თუ არა თქვენი შვილი რეგულარულად მათემატიკის დავალებებს სახლში?
ა)კი           ბ)არა             გ)ნაწილობრივ
3)სისტემატიური მუშაობა და დავალებების შესრულება დაეხმარება თუ არა თქვენს შვილს შედეგების გაუმჯობესებაში?
ა)კი          ბ)არა           გ)ნაწილობრივ
4)იცით თუ არა რა ტიპის დავალებების შესრულება უჭირს თქვენს შვილს?
ა)კი         ბ)არა          გ)ნაწილობრივ
5)როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა მშობელი ჩართული იყოს და აკონტროლებდეს შვილის სწავლის პროცესს?
ა)კი         ბ)არა          გ)ნაწილობრივ

   


დანართი 4
მოსწავლეთა   კვლევის შემდგომი გამოკითხვა
               V  კლასი  ( არ დაწეროთ თქვენი სახელი და გვარი))
ყურადღებით წაიკითხე კითხვები და აირჩიე შენთვის სასურველი პასუხი.
1)გიყვარს თუ არა მათემატიკა?  რატომ?
2)რა ტიპის დავალებების კეთება უფრო საინტერესო იყო შენთვის მათემატიკაში? (შეგიძლია რამდენიმე ვარიანტი აირჩიო)
ა)რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის პოვნა    
 ბ)ამოცანების ამოხსნა   
 გ)ლოგიკური ამოცანების ამოხსნა  
 დ)განტოლებების ამოხსნა 
 ე)დიაგრამების აგება    
 ვ) პიქტოგრამების  აგება   
ზ) ასოითი გამოსახულების გამარტივება
3)  შენი აზრით მათემატიკის სწავლა რთულია?
ა) დიახ.               ბ) არა                 
4)როგორი გაკვეთილი უფრო მოგწონს  ( შეგიძლია რამდენიმე პასუხი აირჩიო)
ა)  ვმონაწილეობ გაკვეთილის ახსნის პროცესში აქტიურად                              
 ბ)  მასწავლებელს მომზადებული აქვს ბევრი თვალსაჩინოება
გ)  ვმუშაობთ ჯგუფებში  ან წყვილებში   
 დ)გაკვეთილზე სახალისო აქტივობებია გამოყენებული
5)როგორ გგონია, მათემატიკის ცოდნა მომავალში გამოგადგება?
           ა) არა.                                         ბ) დიახ.                                
6)საშინაო დავალებას დამოუკიდებლად ასრულებ?
ა) დიახ.                                   ბ) არა.                                   გ) ზოგჯერ
7)წილადების შესწავლა მოგეწონა თუ არა?
ა)დიახ                      ბ)არა
8)როგორ ფიქრობ, წილადების შესახებ ბევრი ახალი ინფორმაცია მიიღე?
ა)დიახ                       ბ)არა                  გ)არ ვიცი
9)შეგიძლია წილადებზე მოქმედებების შესრულება და მარტივი ამოცანების ამოხსნა დამოუკიდებლად?
ა)დიახ                     ბ)არა                    გ)მიჭირს პასუხის გაცემა
10)როგორ ფიქრობ მე-5 კლასში შენი მათემატიკური ცოდნა გაიზარდა?
ა) დიახ,                ბ) არა,                    გ) არ ვიცი.

დანართი 5
             კვლევის შემდგომი კითხვარი მშობლებისათვის
გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი (გამოკითხვა ანონიმურია, არ დაწეროთ სახელი და გვარი)

1.როგორ ფიქრობთ, აქვს ინტერესი  თქვენს შვილს მათემატიკის შესწავლისადმი ?
ა) აინტერესებს და ცდილობს კარგად ისწავლოს.
ბ) ნაკლებად არის დაინტერესებული.
გ) მიჭირს პასუხის გაცემა
2.თუ იცით, რა ტიპის დავალებებს აკეთებს ხალისით ? (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე ვარიანტი)
ა)რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის პოვნა    
 ბ)ამოცანების ამოხსნა  
 გ)ლოგიკური ამოცანების ამოხსნა  
 დ)განტოლებების ამოხსნა 
 ე)დიაგრამების აგება    
 ვ) პიქტოგრამების  აგება  
 ზ) ასოითი გამოსახულების გამარტივება
3.ფიქრობთ, რომ გაიზარდა მიმდინარე სასწავლო წელს თქვენი შვილის სწავლის მოტივაცია?
           ა) დიახ                                ბ) არა                    გ) მიჭირს პასუხის გაცემა
 4.სასწავლო წლის ბოლოს არის თუ არა უფრო თავდაჯერებული?
ა)დიახ                               ბ) არა                      გ) მიჭირს პასუხის გაცემა
5.იყენებს თუ არა მათემატიკურ ცოდნას პრაქტიკაში?
            ა) დიახ                                 ბ) არა                      გ) მიჭირს პასუხის გაცემა
6.სკოლა თქვენი შვილისთვის არის ის ადგილი, სადაც წასვლა უხარია?
            ა)დიახ                                    ბ)არა                     გ)მიჭირს პასუხის გაცემა

დანართი 6
    კოლეგებთან კვლევის გაზიარებისშემდგომი კითხვარი
1)მიგაჩნიათ, რომ განხილული სტრატეგიებით მოსწავლეთა დაინტერესება და მოტივაცია გაიზრდება?
⦁ დიახ
⦁ არა
2)რა მიგაჩნიათ ყველაზე  მთავარ და მნიშვნელოვან საკითხად  ამ კვლევაში?
⦁ კვლევის თემა
⦁ აქტივობები
⦁ ინტერვენციები
3)გაქვთ სურვილი, რომ  ეს მეთოდები და აქტივობები ან მსგავსი  რესურსები თქვენს პრაქტიკაშიც გამოიყენოთ?
⦁ დიახ
⦁ ნაწილობრივ
⦁ ვიყენებთ ზოგ აქტივობას

4)ხომ არ გაქვთ სურვილი რაიმეს დამატების ან რჩევის

5)გთხოვთ, გამიზიაროთ თქვენი აზრი, რამდენად აქტუალურად მიგაჩნიათ განხილული თემა და როგორია მისი გადაჭრის გზები
__________________________________________________________________________
__________________________________________________________________________
__________________________________________________________________________
__________________________________________________________________________

დანართი 7
წილადების ჩაწერა

დანართი 8
 ტოლმნიშვნელიანი წილადების შედარება

დანართი 9
ტოლმრიცხველიანი წილადების შედარება




Comments